„ტრამპი კმაყოფილია“ - მედიამ ბერლინში უკრაინა-აშშ-ს მოლაპარაკებების დეტალები შეიტყო
ამერიკელი მაღალჩინოსნის ინფორმაციით, დონალდ ტრამპი აშშ-სა და უკრაინას შორის ბოლო ორი დღის განმავლობაში გამართული მოლაპარაკებებით კმაყოფილია. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.
აშშ-ის ოფიციალურმა პირმა, რომლის ვინაობაც არ დასახელებულა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ძალიან პოზიტიური იყო. რიგ საკითხებზე კონსენსუსი მიღწეული იქნა - საკითხების „90%“ მოგვარდა. ტერიტორიისა და სუვერენიტეტის საკითხები კვლავ გადაუჭრელი რჩება.
მან განმარტა, რომ ზოგიერთი თემა კვლავ განსახილველია, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკვე კმაყოფილია მიღწეული პროგრესით. მოსალოდნელია, რომ ამერიკელი ლიდერი ზელენსკის ევროპელ ლიდერებთან საღამოს შეხვედრას ტელეფონით შეუერთდება.
ოფიციალურმა პირმა დასძინა, რომ ევროპელმა წარმომადგენლებმა განსაკუთრებით კარგად იმუშავეს და იმედოვნებს, რომ მხარეები მშვიდობის გზაზე არიან.
ოფიციალური პირის თქმით, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მას შეუძლია, რუსეთი დაარწმუნოს, რომ უკრაინას მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიები აქვს.
ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ რუსეთი ღია იქნება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ. თუმცა მისივე თქმით, ეს გარანტიები სამუდამოდ არ იქნება განხილული.