Loading data...
ტრამპი კანადის პრემიერ-მინისტრს: თქვენ ჩვენი წყალობით არსებობთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში კანადის პრემიერ-მინისტრის მარკ კარნის სიტყვით გამოსვლაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ კანადა შეერთებული შტატების წყალობით არსებობს. 

მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა გააკრიტიკა კანადის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა, რომ აშშ-ის ხელმძღვანელობით წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი დასრულდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა კანადის მთავრობის ხელმძღვანელს მიმართა და განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხოლოდ შეერთებული შტატების წყალობით არსებობს.

„კანადა შეერთებული შტატების წყალობით ცხოვრობს. გახსოვდეს ეს, მარკ, შემდეგ ჯერზე, როცა განცხადებას გააკეთებ“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან დასძინა, რომ კარნი შეერთებული შტატების მიმართ „მადლიერი არ იყო“, როდესაც მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვიდა. ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ კანადა „ბევრ უფასო ნივთს“ იღებს, რითაც მიანიშნა აშშ-ის მომავალ სარაკეტო თავდაცვის სისტემა „ოქროს გუმბათზე“, რომელიც კანადის ტერიტორიასაც დაფარავს. 

„კანადა ბევრ უფასო ნივთს იღებს. ისინი მადლიერები უნდა იყვნენ, მაგრამ ასე არ არის“, - განაცხადა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა.