ტრამპი: ირანის გამდიდრებულ ურანზე არც კი ვფიქრობ, ის ძალიან ღრმად არის დამარხული
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის „არც კი ფიქრობს“ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგებზე.
„მე ამაზე არც კი ვფიქრობ. უბრალოდ ვიცი, რომ ის იმდენად ღრმად არის დამარხული, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის ძალიან რთული იქნება მისთვის მიღწევა“, - განუცხადა ტრამპმა CBS News-ს სატელეფონო ინტერვიუში, ირანის ბირთვულ ობიექტებზე გასულ წელს აშშ-ის მიერ განხორციელებულ დარტყმებზე მითითებით.
„ის იქ, სიღრმეშია... ომის გარეშეც კი მათ ამის გაკეთება ვერ შეძლეს. ასე რომ... საკმაოდ უსაფრთხოა. თუმცა ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, - დასძინა მან.
ტრამპმა აღნიშნა, რომ რეგიონიდან აშშ-ის აქტივების გაყვანას ჯერ არ აპირებს, რადგან ისინი ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის თავისუფლების აღსადგენად საჭირო იქნება. ამავდროულად, მან კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედგაცრუება ნატოს მოკავშირეების მიმართ, რადგან ისინი ამ ძალისხმევაში არ ჩაერთნენ.
„გარკვეულ მომენტში [აშშ-ის ძალებს] გამოვიყვან, ჯერ არა. თუმცა ქვეყნები უნდა მოვიდნენ და იზრუნონ ამაზე. ირანი განადგურებულია“, - განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, თუ როდის შეიძლება ომი დასრულდეს, ტრამპმა თქვა: „ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვიტყოდი, რომ გრაფიკს ორი კვირით ვუსწრებთ“.
აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ომის შემდეგ ირანს „აღსადგენად 10 წელი დასჭირდება“.