Loading data...
ტრამპი: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვას შეწყვეტს

ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა რუსულ ნავთობს აღარ შეიძენს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩემმა მეგობარმა [მოდიმ] დამარწმუნა, რომ რუსეთიდან ნავთობის შესყიდვა არ მოხდება. მას ამის გაკეთება მაშინვე არ შეუძლია; ეს პროცესია. თუმცა ის მალე დასრულდება“, - განაცხადა ტრამპმა პრესკონფერენციაზე.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე დასძინა, რომ ვაშინგტონი არ არის კმაყოფილი იმით, რომ ინდოეთი რუსული ნავთობის შეძენას აგრძელებს.

„რადგან ეს რუსეთს საშუალებას აძლევს, გააგრძელოს ომი, სადაც მათ უკვე მილიონი ჯარისკაცი დაკარგეს“, - ხაზგასმით აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, შეეცდება, აიძულოს ჩინეთი, იგივე გააკეთოს, რაც ინდოეთმა.

ინდოეთი და ჩინეთი ამჟამად ზღვით ექსპორტირებული რუსული ნავთობის უმსხვილესი მყიდველები არიან. ორივე ქვეყანა სარგებლობს რუსული პროდუქციის დაბალი ფასებით, რომელთა შემცირებაც მოსკოვს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების გამო მოუწია.