Loading data...
ტრამპი: ინდოეთი რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დღეს, 2 თებერვალს, ტელეფონით ესაუბრა ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის. მისი თქმით, ინდოეთის პრემიერ-მინისტრი რუსული ნავთობის შესყიდვის შეწყვეტას დათანხმდა. შესაბამისი განცხადება ამერიკელმა ლიდერმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა. 

„დიდი პატივი იყო დღეს დილით ინდოეთის პრემიერ-მინისტრ მოდისთან საუბარი. ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი და თავისი ქვეყნის გავლენიანი და პატივცემული ლიდერია. ჩვენ ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის ვაჭრობა და რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულება. ის დათანხმდა, რომ შეწყვეტს რუსული ნავთობის ყიდვას და გაცილებით მეტს შეიძენს აშშ-ისგან და შესაძლოა, ვენესუელისგან. ეს ხელს შეუწყობს უკრაინაში ომის დასრულებას, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს და ყოველ კვირას ათასობით ადამიანი იღუპება“, - დაწერა ტრამპმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ლიდერები შეთანხმდნენ სავაჭრო გარიგებაზე და აშშ ახლა ინდოეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ტარიფებს 25%-დან 18%-მდე შეამცირებს, ხოლო ინდოეთი დათანხმდა ამერიკულ საქონელზე ტარიფების ნულზე დაყვანას და „მეტი ამერიკული საქონლის შეძენას“.

„ჩვენი საოცარი ურთიერთობა ინდოეთთან მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.