Loading data...
ტრამპი „ჰამასს“, მძევლების გასათავისუფლებლად ვადას 20 იანვრამდე აძლევს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ ღაზას სექტორში მძევლად მყოფი ადამიანები მისი საპრეზიდენტო ვადის დაწყებამდე არ გათავისუფლდებიან, „ჰამასს“ სერიოზული პრობლემები შეექმნება.

„თუ მძევლები 2025 წლის 20 იანვრამდე - იმ თარიღამდე არ გათავისუფლდებიან, როდესაც მე სიამაყით დავიკავებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტს, ახლო აღმოსავლეთში ჯოჯოხეთი დაიწყება და მათ, ვისაც პასუხისმგებლობა ეკისრება კაცობრიობის წინააღმდეგ ამ არაადამიანურ ქცევაზე, მოუწევს რომ საკადრისი გადაიხადოს“, - წერს ტრამპი თავის ვებგვერდზე Truth Social.

ამას წინ უძღოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ტრამპის მოთხოვნაა, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება იქამდე გაფორმდეს, სანამ მეორედ დაიკავებს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს.