ტრამპი გამოეხმაურა ზელენსკის განცხადებას, თეთრი სახლის წარმომადგენლებზე რუსეთის სავარაუდო საინფორმაციო გავლენის შესახებ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რუსულმა ინფორმაციამ შესაძლოა, გავლენა მოახდინოს მის გუნდზე, როდესაც ისინი ომის მშვიდობიან მოგვარებას ცდილობენ. ამის შესახებ „რადიო თავისუფლება“ წერს.
„მათ, ალბათ, გავლენა მოახდინეს ამ საკითხის გადაწყვეტაზე, რადგან უკრაინას სურს მისი მოგვარება. ვფიქრობ, მათ უნდა მოაგვარონ ეს და რუსეთსაც სურს, რომ ეს მოგვარდეს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან დასძინა, რომ სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო „შესანიშნავ საქმეს აკეთებს“ და სპეციალური წარმომადგენელი „სტივენ ვიტკოფი წარმოუდგენელი იყო“. პრეზიდენტმა ასევე ახსენა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი, რომელიც მოლაპარაკებებში იყო ჩართული.
„ამ საკითხზე ადამიანთა დიდი ჯგუფი მუშაობს და ისინი დღის მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავენ რაღაცის გადასაჭრელად, რაც რეალურად ჩვენზე ფინანსურად მოქმედებს, რადგან ამდენი ფული გავეცით“, - განაცხადა ტრამპმა.
ინფორმაციისთვის, ამერიკულ ჟურნალ Time-თან ინტერვიუში, რომელიც 24 მარტს გამოქვეყნდა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა ტრამპის ზოგიერთ ადამიანზე გავლენის მოხდენა მოახერხა.
ზელენსკიმ კიდევ ერთხელ უარყო პუტინის განცხადება, რომ ათასობით უკრაინელი ჯარისკაცი კურსკში ალყაშია მოქცეული და მას „ტყუილი“ უწოდა. მისივე თქმით, ამ რუსულმა დეზინფორმაციამ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე გავლენა იქონია.