ტრამპი: გაერთიანებული სამეფო გეგმავს, დიეგო გარსიას კუნძული, სადაც აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა მდებარეობს, მავრიკს გადასცეს - უდიდესი სისულელე და კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გრენლანდია უნდა შევიძინოთ
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო გეგმავს, ინდოეთის ოკეანეში მდებარე დიეგო გარსიას კუნძული, სადაც აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი სამხედრო ბაზა მდებარეობს, მავრიკს გადასცეს. შესაბამის განცხადებას აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.
როგორც ტრამპი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთის მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა „უდიდესი სისულელე“ იქნება და რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც აშშ-მა გრენლანდია უნდა შეიძინოს.
„შოკისმომგვრელია, რომ ჩვენი „ბრწყინვალე“ ნატოელი მოკავშირე, გაერთიანებული სამეფო, ამჟამად გეგმავს, დიეგო გარსიას კუნძული, სადაც აშშ-ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამხედრო ბაზა მდებარეობს, მავრიკს გადასცეს და ეს ყოველგვარი მიზეზის გარეშე გააკეთოს.
ეჭვგარეშეა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა შენიშნეს სრული სისუსტის ეს აქტი. ესენი არიან საერთაშორისო ძალები, რომლებიც მხოლოდ ძალას აღიარებენ. სწორედ ამიტომ, ჩემი ხელმძღვანელობით ამერიკის შეერთებული შტატები ახლა, სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ისე პატივსაცემია, როგორც არასდროს.
დიდი ბრიტანეთის მიერ უაღრესად მნიშვნელოვანი მიწის გაცემა უდიდესი სისულელეა და ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით ბევრს მიზეზთა შორის კიდევ ერთი მიზეზია, რის გამოც გრენლანდია უნდა შევიძინოთ. დანია და მისი ევროპელი მოკავშირეები სწორად უნდა მოიქცნენ“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ინფორმაციისთვის, დიეგო გარსია ჩაგოსის არქიპელაგის უდიდესი კუნძულია. ჩაგოსის კუნძულები დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიაა, თუმცა არქიპელაგის მავრიკისთვის გადაცემის ხელშეკრულებას ხელი 2025 წლის 22 მაისს მოეწერა, რომლის თანახმადაც, კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზა დიდი ბრიტანეთის კონტროლის ქვეშ მინიმუმ 99 წლის განმავლობაში დარჩება. ვადის ამოწურვის შემდეგ შეთანხმება შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 40 წლით და შემდგომი დამატებითი პერიოდით.