ტრამპი: ევროპა არასწორი მიმართულებით მიდის
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა „არასწორი მიმართულებით მოძრაობს“.
გასული წლის განმავლობაში ამერიკული ეკონომიკის მიღწევების შეჯამებისას ტრამპმა ევროპელებს მიმართა, რომ მათ შეუძლიათ, აშშ-ის მაგალითს მიჰყვნენ, თუმცა, მისი თქმით, „ევროპაში ზოგიერთი ადგილი უკვე ამოუცნობია“.
„შეგვიძლია, ამაზე ვიკამათოთ, მაგრამ არგუმენტი არ არსებობს. მეგობრები სხვადასხვა ადგილიდან ბრუნდებიან — არ მინდა, ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო — და ამბობენ: „მე ამას ვერ ვცნობ“, და ეს დადებითად არ ჟღერს. ეს ძალიან უარყოფითად ჟღერს“, - განაცხადა ტრამპმა.
„მიყვარს ევროპა და მინდა, რომ ევროპა წინ წავიდეს, მაგრამ ის სწორი მიმართულებით არ მიდის“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან გააკრიტიკა თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარება, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფო ხარჯებზე, მასობრივ მიგრაციასა და მწვანე გადასვლაზე.
„ბოლო ათწლეულების განმავლობაში ვაშინგტონსა და ევროპის დედაქალაქებში ზოგადად მიღებული გახდა, რომ თანამედროვე დასავლური ეკონომიკის განვითარების ერთადერთი გზა მუდმივად მზარდი სამთავრობო ხარჯები, უკონტროლო მასობრივი მიგრაცია და გაუთავებელი უცხოური იმპორტია. შედგა კონსენსუსი, რომ ეგრეთ წოდებული ბინძური სამუშაოები და მძიმე მრეწველობა სხვა ქვეყნებში უნდა გადატანილიყო და ხელმისაწვდომი ენერგია „ახალი მწვანე თაღლითობით“ უნდა ჩანაცვლებულიყო“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ასეთი პოლიტიკა „ევროპას აზიანებს“.