Loading data...
ტრამპი ევროკავშირს ალკოჰოლზე 200%-იანი გადასახადის დაწესებით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს შამპანურზე, ღვინოზე, ვისკიზე და სხვა ალკოჰოლზე 200%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესებით ემუქრება. ეს იქნება ევროკავშირის მიერ ამერიკულ პროდუქციაზე დაწესებული საჯარიმო გადასახადებზე პასუხი. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.

Truth Social-ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა განსაკუთრებით ფრანგული ალკოჰოლური პროდუქცია გამოყო და ამერიკულ საქონელზე საჯარიმო გადასახადის დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.

ტრამპის განცხადების საპასუხოდ საფრანგეთის ვაჭრობის მინისტრმა ლორან სენ-მარტენმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა საკუთარ მრეწველობას დაიცავს. „ტრამპი ამწვავებს სავაჭრო ომს, რომელიც თვითონვე გააჩაღა“, - განაცხადა ფრანგმა მინისტრმა.

ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ბოლო ქმედებები ბიზნესს და მომხმარებლებს ზიანს აყენებენ. „ეს ტარიფები მიწოდების ჯაჭვებს აზიანებს, ეკონომიკისთვის გაურკვევლობას იწვევს, საქმე ეხება სამუშაო ადგილების შენარჩუნებას. ფასები არა მარტო ევროპაში, არამედ აშშ-შიც მოიმატებს. ევროკავშირმა უნდა იმოქმედოს, რათა მომხმარებლები და ბიზნესი დაიცვას“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ბრიუსელში ამბობენ, რომ ვაშინგტონთან ვაჭრობის საკითხებზე მოლაპარაკებისთვის მზად არიან.

„ევროსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს ევროკავშირიდან აშშ-ში 4,9 მლრდ ევროს ღვინის ექსპორტი განხორციელდა. აქედან 40% საფრანგეთზე მოდის.