ტრამპი: ეპშტეინის ფაილების შემდგომი გამოქვეყნება საფრთხეს უქმნის იმ ადამიანების რეპუტაციას, რომლებიც მას შემთხვევით შეხვდნენ
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ადამიანები, რომლებიც წარსულში შემთხვევით შეხვდნენ სექსუალურ დანაშაულებში მსჯავრდებულ ჯეფრი ეპშტეინს, რისკის ქვეშ არიან, რომ მათი რეპუტაცია შეირყეს საგამოძიებო ფაილების შემდგომი გამოქვეყნებით.
19 დეკემბერს იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ფაილების გამოქვეყნების შემდეგ გაკეთებულ პირველ კომენტარში ტრამპმა ეპშტეინის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი შეაფასა, როგორც მისი პარტიის მიღწევებიდან ყურადღების გადატანის მცდელობა.
„ეპშტეინთან დაკავშირებული მთელი ეს ამბავი რესპუბლიკური პარტიის უზარმაზარი წარმატებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში.
იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ეპშტეინის ფაილებიდან გამოქვეყნებული ფოტოების პირველ ნაწილში ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი ფიგურირებდა და ტრამპს აღნიშნულთან დაკავშირებით მისი რეაქციის შესახებ ჰკითხეს.
„მომწონს ბილ კლინტონი. მე ყოველთვის კარგად ვუგებდი ბილ კლინტონს. არ მსიამოვნებს მისი ფოტოების ნახვა“, - აღნიშნა მან.
„ჩემი ფოტოებიც არის. ყველა მეგობრული იყო ამ ბიჭთან [ეპშტეინთან]“, - განაცხადა ტრამპმა.
„ბილ კლინტონი დიდი ბიჭია, მას შეუძლია ამას გაუმკლავდეს... თუმცა, ალბათ, გაქვთ გამოქვეყნებული სხვა ადამიანების ფოტოები, რომლებიც უდანაშაულოდ შეხვდნენ ჯეფრი ეპშტეინს მრავალი წლის წინ და ისინი არიან უაღრესად პატივცემული ბანკირები, იურისტები და სხვები“, - დასძინა ამერიკელმა ლიდერმა.
ამასთან, მისი თქმით, „ბევრი ადამიანი ძალიან გაბრაზებულია იმით, რომ ვრცელდება სხვა ადამიანების ფოტოები, რომლებსაც სინამდვილეში არაფერი აქვთ საერთო ეპშტეინთან“.
„მაგრამ ისინი მასთან ერთად არიან სურათზე, რადგან ის წვეულებაზე იყო და თქვენ ვიღაცას რეპუტაციას ულახავთ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი სექსტრეფიკინგის ბრალდებით სასამართლო პროცესის მოლოდინში 2019 წელს ნიუ-იორკის ციხის საკანში გარდაიცვალა, რაც თვითმკვლელობად შეფასდა.