Loading data...
ტრამპი: დროა, ირანში ახალი ლიდერი ვეძებოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანში მასობრივი საპროტესტო აქციების სისხლიანი ჩახშობის ფონზე განაცხადა, რომ აიათოლას რეჟიმი უნდა დასრულდეს. მისი თქმით, „ახალი ლიდერი“ უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ Politico წერს. 

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანს ახალი ლიდერი სჭირდება, რადგან აიათოლას რეჟიმის 37-წლიანმა მმართველობამ ქვეყანა დაცემის პირას მიიყვანა. თუმცა ირანში ბოლო 20 დღის განმავლობაში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციები, როგორც ჩანს, რეჟიმის უკიდურესი სისასტიკის გამო ჩაცხრა.

„დროა, ირანში ახალი ლიდერი ვეძებოთ“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის ეს განცხადება მოჰყვა ირანის სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებშიც მან ირანში მომხდარი სასიკვდილო ძალადობისა და არეულობის გამო პასუხისმგებლობა ტრამპს დააკისრა. 

„ჩვენ აშშ-ის პრეზიდენტს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ იმ მსხვერპლზე, ზარალსა და ცილისწამებაზე, რაც მან ირანელ ერს მიაყენა“, - აღნიშნა ხამენეიმ. 

საპასუხოდ ტრამპმა განაცხადა, რომ ხამენეი და მისი მოკავშირეები მმართველობისთვის რეპრესიებსა და ძალადობას ეყრდნობიან. ტრამპმა ხამენეი დაადანაშაულა „ქვეყნის სრულ განადგურებასა და ძალადობის გამოყენებაში, რომელიც აქამდე არ უნახავთ“.

„იმისათვის, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს, ხელმძღვანელობამ ყურადღება უნდა გაამახვილოს ქვეყნის სწორად მართვაზე, როგორც მე ვაკეთებ შეერთებული შტატების შემთხვევაში და არა ათასობით ადამიანის მოკვლაზე კონტროლის შესანარჩუნებლად... ლიდერობა პატივისცემას ნიშნავს და არა შიშსა და სიკვდილს“, - განაცხადა მან.

მეტიც, ტრამპმა ირანის ლიდერს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა. აშშ-ის პრეზიდენტმა დასძინა, რომ ირანი „საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ადგილია“.

„ეს კაცი ავადმყოფია, რომელმაც სათანადოდ უნდა მართოს თავისი ქვეყანა და შეწყვიტოს ადამიანების მკვლელობა. ცუდი ლიდერობის გამო მისი ქვეყანა მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე ცუდი ადგილია“, - აღნიშნა მან.