ტრამპი: ჩვენ უკრაინას უფასოდ მივეცით საბრძოლო მასალა, ახლო აღმოსავლეთს კი მისი ყიდვა შეეძლო
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკრიტიკა ჯო ბაიდენის წინა ადმინისტრაცია უკრაინისთვის უფასო საბრძოლო მასალის მიწოდების გამო, რომლის მიყიდვაც შეიძლებოდა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ამის შესახებ მან 3 მარტს თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას ისაუბრა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შეერთებულ შტატებს „უზარმაზარი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს“, თუმცა წინა ადმინისტრაციამ ამ მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი უკრაინას უსასყიდლოდ გადასცა.
„მე სრულად ვუჭერ მხარს უკრაინას, მაგრამ მათ [ბაიდენის ადმინისტრაციამ] ძალიან ბევრი [საბრძოლო მასალა] გასცეს. როგორც იცით, როდესაც მე გავცემ საბრძოლო მასალას, ყველა იხდის მის საფასურს. ევროკავშირი იხდის მას და შეუძლია ის გააკეთოს, რაც სურს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებამ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს „ძალიან ცოტა“ საბრძოლო მასალა დაუტოვა.
„The Wall Street Journal-მა არასწორად გაიგო ამბავი, როდესაც დაწერა, რომ საბრძოლო მასალა ახლო აღმოსავლეთს გადაეცა. არა ახლო აღმოსავლეთს, არამედ უკრაინას. ახლო აღმოსავლეთს ძალიან ცოტა რამ გადაეცა. ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები ბევრს იყიდიდნენ, რადგან ისინი მდიდრები არიან. მაგრამ საბრძოლო მასალა სწორედ უკრაინას გადაეცა“, - განაცხადა ტრამპმა.