Loading data...
ტრამპი: ჩვენ მშვიდობასთან უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე ვიყავით

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მშვიდობა უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, რუსეთ-უკრაინის ომის მოგვარების საკითხზე ევროპელ ლიდერებთან „კარგი საუბარი“ ჰქონდა. 

„ჩვენ ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა და როგორც ჩანს, ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ამას დიდი ხანია, ვამბობთ და ეს რთული სიტუაციაა“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

ტრამპმა დასძინა, რომ მას „ხანგრძლივი საუბარი“ ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. მან ასევე თქვა, რომ ესაუბრა გერმანიის, იტალიის, ნატოს, ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ნორვეგიის, დანიისა და ნიდერლანდების ლიდერებს.

„ჩვენ ძალიან ხანგრძლივი და ძალიან კარგი საუბრები გვქონდა. და ვფიქრობ, საქმე საკმაოდ კარგად მიდის“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში 27 000 ჯარისკაცი დაიღუპა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, საიდან მიიღო ეს მონაცემები. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ომი არასდროს უნდა დაწყებულიყო და რომ ეს „სიტუაცია“ ბაიდენისგან მემკვიდრეობით ერგო.

„ჩვენ ვცდილობთ ამის დასრულებას. და მე ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ და ისინიც გეტყვიან, რომ ახლა უფრო ახლოს არიან. ჩვენ არაერთი საუბარი გვქონდა პრეზიდენტ პუტინთან და ვფიქრობ, რომ ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. და ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვინდა ბევრი სიცოცხლის გადარჩენა“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა. 

ტრამპის თქმით, აშშ ფულს უკრაინის დახმარებაზე არ ხარჯავს, სამაგიეროდ, იარაღს ნატოს ქვეყნებს ყიდის. 

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არავის უნახავს მსგავსი რამ. თუმცა ჩვენ ვუახლოვდებით. ევროპელი ლიდერებისგან უზარმაზარი მხარდაჭერა გვაქვს. მათაც სურთ, რომ ეს დასრულდეს. ახლა კი რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს. პრობლემა ის არის, რომ მათ სურთ, რომ ეს დასრულდეს და შემდეგ უცებ არ სურთ. უკრაინასაც სურს, რომ ეს დასრულდეს და შემდეგ უცებ არ სურთ. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ისინი ერთ მხარეს იყვნენ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ წინსვლა არის. ძალიან კარგი საუბარი იყო“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამერიკელმა ლიდერმა ასევე კომენტარი გააკეთა უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის საკითხზე: „მათ უკვე დაკარგეს ტერიტორიები. თუმცა, რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ჩვენ ამაზე ევროპასთან ერთად ვმუშაობთ. ევროპას ამაში დიდი წვლილი ექნება. ჩვენ ვმუშაობთ უსაფრთხოების გარანტიებზე, რათა ომი ხელახლა არ დაიწყოს. ჩვენ არ გვინდა, რომ ომი ხელახლა დაიწყოს“.