ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის გემებს თავს დაესხმება, აღიგვება პირისაგან მიწისა
თეთრი სახლის ლიდერი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში შეერთებული შტატების გემებზე იერიშს მიიტანს, „აღიგვება პირისაგან მიწისა“. ამის შესახებ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა აღნიშნა, ირანი მოლაპარაკებებში „ბევრად უფრო დამთმობი“ გახდა.
ამასთან, ტრამპის განცხადებით, ახლო აღმოსავლეთში სამხედროებისა და შეიარაღების გაგზავნას აგრძელებს.
„ჩვენ იმაზე მეტი იარაღი და საბრძოლო მასალა გვაქვს, ვიდრე ადრე გვქონდა. ჩვენ გვაქვს უკეთესი აღჭურვილობა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს მთელ მსოფლიოში. ჩვენ გვაქვს ბაზები მთელ მსოფლიოში. ყველა აღჭურვილია. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს აღჭურვილობა და საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენებთ კიდეც“, - აცხადებს ტრამპი.
ინფორმაციისთვის, ტრამპმა 4 მაისს ოპერაცია „თავისუფლების“ დაწყების შესახებ განაცხადა. ოპერაციის მიზანია ჰორმუზის სრუტეში ჩარჩენილი გემებისთვის დახმარების გაწევა.
ირანული მხარის განცხადებით, შეერთებული შტატები თუ სრუტესთან მიახლოებას შეეცდება, ისინი აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებს თავს დაესხმებიან.
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა (CENTCOM) მხარს უჭერს პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივას ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემებისთვის თავისუფალი ნავიგაციის აღდგენაზე, რომელსაც ეწოდა „თავისუფლების პროექტი“ (Project Freedom).
2026 წლის 28 თებერვალს, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე საჰაერო იერიშების დაწყების შემდეგ, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა. 13 აპრილს, თეირანთან წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, ვაშინგტონმა ირანის პორტებთან მიმოსვლა დაბლოკა.