ტრამპი აცხადებს, რომ ქვეყნები ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად აშშ-სთან ერთად სამხედრო გემებს გაგზავნიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ „ბევრი ქვეყანა“ აშშ-სთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად სამხედრო გემებს გაგზავნის. შესაბამისი განცხადება მან Truth social-ზე გამოაქვეყნა.
„ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის დაკეტვის მცდელობით დაზარალდნენ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად სამხედრო გემებს გაგზავნიან სრუტის გახსნისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. ჩვენ უკვე გავანადგურეთ ირანის სამხედრო პოტენციალის 100%, მაგრამ მათთვის ადვილია ერთი, ან ორი დრონის გაგზავნა, ნაღმის ჩამოგდება, ან ახლო მანძილზე რაკეტის გაშვება სადმე ამ საზღვაო გზაზე, ან მის შიგნით, რაც არ უნდა მძიმედ დამარცხებულები იყვნენ.
იმედია, ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები, რომლებზეც ეს ხელოვნური შეზღუდვა მოქმედებს, ამ ტერიტორიაზე გემებს გაგზავნიან, რათა ჰორმუზის სრუტე აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს იმ ერის მხრიდან, რომელიც მთლიანად თავმოკვეთილია.
ამასობაში, შეერთებული შტატები სანაპირო ზოლს დაუნდობლად დაბომბავს და ირანულ ნავებსა და გემებს წყლიდან განუწყვეტლივ ესვრის. ასე თუ ისე, მალე მივიღებთ ჰორმუზის სრუტეს ღიას, უსაფრთხოს და თავისუფალს!“, - წერს ტრამპი.