Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ნატოსთან შეთანხმებით გრენლანდიაზე აშშ-ის სრული და მუდმივი წვდომა უზრუნველყო

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატოსთან შეთანხმებით მან გრენლანდიაზე აშშ-ის სრული და მუდმივი წვდომა უზრუნველყო. 

„ამჟამად რეალურად დეტალებზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს. თუმცა, არსებითად, საქმე სრულ წვდომას ეხება. ეს არის - არ არსებობს დასასრული, არ არსებობს დროის ლიმიტი“, - განუცხადა ტრამპმა Fox Business Network-ს დავოსიდან, სადაც ის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ესწრება.

ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მან წინა დღეს ნატოს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ გრენლანდიასთან დაკავშირებით ალიანსთან ჩარჩო შეთანხმებას მიაღწია, რის გამოც რამდენიმე ევროპული ქვეყნის წინააღმდეგ ტარიფების დაწესებას აუქმებდა. 

როგორც Reuters-ი წერს, ჩარჩო შეთანხმების დეტალები უცნობია. დანია კი აცხადებს, რომ კუნძულზე მისი სუვერენიტეტი განხილვას არ ექვემდებარება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მოკავშირეებს მოუწევთ, გააძლიერონ თავიანთი ვალდებულებები არქტიკის უსაფრთხოების მიმართ, რათა თავიდან აიცილონ რუსეთისა და ჩინეთის მხრიდან საფრთხეები.

მან Reuters-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ახლა ნატოს უფროს მეთაურებზეა დამოკიდებული უსაფრთხოების დამატებითი მოთხოვნების დეტალების განხილვა.

„ეჭვი არ მეპარება, რომ ამის გაკეთება საკმაოდ სწრაფად შეგვიძლია. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ ეს 2026 წელს მოხდება, იმედი მაქვს, რომ ეს 2026 წლის დასაწყისშიც კი მოხდება“, - აღნიშნა მარკ რუტემ. 

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა, რომ ნატოსთან გრენლანდიის, დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიის, სუვერენიტეტთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ გამართულა.

„ეს კვლავ რთული და სერიოზული სიტუაციაა, თუმცა პროგრესი მიღწეულია იმ გაგებით, რომ ახლა ყველაფერი საჭირო ადგილას მივიყვანეთ. კერძოდ, შეგვიძლია განვიხილოთ, თუ როგორ ვუწყობთ ხელს საერთო უსაფრთხოებას არქტიკის რეგიონში“, - განაცხადა ფრედერიქსენმა.