ტრამპი აცხადებს, რომ მზადაა, პუტინისთვის წაყენებული 50-დღიანი ულტიმატუმი შეამციროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გეგმავს, შეამციროს კრემლის ლიდერ ვლადიმერ პუტინისთვის უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ადრე მიცემული 50-დღიანი ვადა. ამის შესახებ ტრამპმა ტერნბერიში (შოტლანდია) დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამერიკელმა ლიდერმა კიდევ ერთხელ გამოთქვა უკმაყოფილება პუტინის ქმედებებთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ მისი არმია უკრაინის ქალაქებზე რაკეტებით თავდასხმას აგრძელებს.
„ბევრჯერ მისაუბრია პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან კარგად ვუგებდით ერთმანეთს... ხუთჯერ, შესაძლოა, ოთხჯერ, თქვენ და მე [მიმართა ტრამპმა სტარმერს] განვიხილეთ ეს საკითხი, გვეგონა, რომ ბევრჯერ მოვაგვარეთ. შემდეგ კი პრეზიდენტი პუტინი გამოდის და რაკეტებს ისვრის ზოგიერთ ქალაქში, მაგალითად კიევში, და უამრავ ადამიანს კლავს... მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტ პუტინით“, - განაცხადა ტრამპმა.
მან ასევე დასძინა, რომ გადახედავს კრემლის ლიდერისთვის წაყენებულ 50-დღიან ულტიმატუმს რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი პოზიციის დაკავებასთან დაკავშირებით, რადგან ფიქრობს, „რომ უკვე იცის მისი პასუხი“.