ტრამპი აცხადებს, რომ მას შეუძლია ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობებში კრიზისი „ძალიან სწრაფად“ მოაგვაროს
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე მას შეუძლია ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობებში კრიზისი „ძალიან სწრაფად“ მოაგვაროს.
„გავიგე, რომ პაკისტანმა და ავღანეთმა მოლაპარაკებები დაიწყეს, მაგრამ მე ამ საკითხს ძალიან სწრაფად მოვაგვარებ“, - განაცხადა ტრამპმა მალაიზიაში სამიტის ფარგლებში.
Associated Press-ი აღნიშნავს, რომ ორი ქვეყანა უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მწვავე დავაშია ჩაბმული, სადაც თითოეული მხარე აცხადებს, რომ ამ თვის დასაწყისში შეტაკებების დროს მოწინააღმდეგის აგრესიას პასუხობდა.
მხარეებს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი სტამბოლში დაიწყო.
20 ოქტომბერს კატარში, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას მედიაციას თურქეთი და კატარი უწევდნენ.
ავღანეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები დურანდის ხაზზე, ქვეყნებს შორის არსებულ 2640-კილომეტრიან საზღვარზე დაიწყო. შეტაკებებს ორივე მხრიდან 500-მდე სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.