ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ომის დასრულების ვადები არ აქვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ომის დასრულების ვადები არ აქვს. ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალ Time-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„არაფერზე მაქვს დროში შეზღუდვა. მინდა, რომ ეს შესრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას.
ამასთან, ინტერვიუში მან ირანის წინააღმდეგ კამპანიის ძირითადი მიზნები გამოკვეთა. ამერიკელი ლიდერის თქმით, მთავარი მიზანი თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნის თავიდან აცილებაა.
„მათ არ შეუძლიათ, ბირთვული იარაღი ჰქონდეთ. ეს არის პირველი, მეორე და მესამე. მეოთხე: ბალისტიკური რაკეტების არარსებობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
ტრამპის თქმით, კიდევ ერთი მიზანი ირანში „რაციონალური და გონივრული“ ლიდერობის ჩამოყალიბებაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე უპასუხა აშშ-ის ტერიტორიაზე შესაძლო საპასუხო თავდასხმების შესახებ კითხვას.
„ჩვენ გამუდმებით ამაზე ვფიქრობთ, ვგეგმავთ. გარკვეულ რაღაცებს ველოდებით“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა დასძინა, რომ ომის დროს მსხვერპლი გარდაუვალია: „როდესაც ომია, ზოგიერთი ადამიანი დაიღუპება“.