ტრამპი აცხადებს, რომ მას არ აინტერესებს რა გზავნილს მიიღებს რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს

თეთრი სახლის ლიდერის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მას არ აინტერესებს რა გზავნილს მიიღებს რუსეთი და დანარჩენი მსოფლიო, თუ შეერთებული შტატები გრენლანდიას მიიღებს.
ტრამპმა იმედი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები 100%-ით მიიღებს გრენლანდიას.
მანვე დასძინა, რომ კარგი იქნება, რომ ეს სამხედრო ძალის გარეშე მოხდეს.
ჟურნალისტის კითხვაზე, გრენლანდიის მიღება რუსეთს და დანარჩენ მსოფლიოს, რა სიგნალს გაუგზავნის, ტრამპმა თქვა, რომ ის ამის შესახებ არ ფიქრობს.
„მე ეს არ მაღელვებს. გრენლანდია - ეს აბსოლუტურად სხვა თემაა. ჩვენ არ დავუშვებთ, მოხდეს ისეთი რამ, რამაც შესაძლოა ზიანი მიაყენოს მსოფლიოს ან შეერთებულ შტატებს“, - აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსი მეუღლესთან ერთად გრენლანდიაში ჩავიდა.
ვენსი გრენლანდიაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე მივიდა.
ვიზიტის თავდაპირველ გეგმებში მოიაზრებოდა, რომ ვიცე-პრეზიდენტის მეუღლე უშა ვენსი და მაიკ უოლცი ძაღლების რბოლას დაესწრებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არც გრენლანდიის და არც დანიის მთავრობას ოფიციალურად არ მიუწვევია.
თუმცა გრენლანდიისა და დანიის მთავრობებისგან წამოსული საპროტესტო რეაგირების შემდეგ ამერიკული დელეგაცია მხოლოდ სამხედრო ბაზაზე ვიზიტით შემოიფარგლა.
ცნობისთვის, 1951 წლის შეთანხმებით, აშშ უფლებამოსილია, ამერიკულ სამხედრო ბაზას ნებისმიერ დროს, გრენლანდიის ან კოპენჰაგენის ინფორმირების გარეშეც ეწვიოს.