Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ირანში სამიზნეები „პრაქტიკულად აღარ დარჩა“ და ომი „მალე“ დასრულდება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ირანში სამიზნეები „პრაქტიკულად აღარ დარჩა“ და იქ ომი „მალე“ დასრულდება.

„ცოტა ეს და ცოტა ის... როცა მოვისურვებ, რომ დასრულდეს, ის დასრულდება“, - განუცხადა ტრამპმა გამოცემას.

მისივე თქმით, საწყისი კამპანია ექვსკვირიან ბრძოლას ითვალისწინებდა.

„ომი შესანიშნავად მიმდინარეობს. ჩვენ გრაფიკზე გაცილებით წინ ვართ. ჩვენ იმაზე მეტი ზიანი მივაყენეთ, ვიდრე წარმოგვედგინა, თუნდაც თავდაპირველ ექვსკვირიან პერიოდში“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპის თქმით, ირანი არა მხოლოდ ისრაელსა და აშშ-ს ემუქრებოდა, არამედ „ახლო აღმოსავლეთის დანარჩენ ნაწილსაც“.

„ისინი იხდიან 47 წლის განმავლობაში გამოწვეული სიკვდილისა და ნგრევისთვის. ეს შურისძიებაა. ისინი ასე ადვილად ვერ გამოძვრებიან“, - განაცხადა მან.