Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასს“ ღაზას გეგმაზე დასათანხმებლად „სამ, ან ოთხ დღეს“ მისცემს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ ღაზას შესახებ მის სამშვიდობო გეგმაზე დასათანხმებლად „სამ, ან ოთხ დღეს“ მისცემს.

თეთრი სახლიდან გასვლისას ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისრაელი და არაბი ლიდერები გეგმას დაეთანხმნენ და „ჩვენ მხოლოდ „ჰამასს“ ველოდებით“.

მისი თქმით, ტერორისტულ დაჯგუფებას დაახლოებით „სამი, ან ოთხი დღე“ აქვს რეაგირებისთვის.

„ჰამასი“ ან გააკეთებს ამას, ან არა, და თუ ასე არ მოიქცევა, ეს ძალიან სამწუხარო დასასრული იქნება“, - აღნიშნა მან. 

კითხვას, არის თუ არა სივრცე სამშვიდობო გეგმაზე მოლაპარაკებებისთვის, ტრამპმა უპასუხა: „არც ისე ბევრი“.

29 სექტემბერს თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული გეგმის თანახმად, ყველა მძევალი 72 საათის განმავლობაში უნდა გათავისუფლდეს, უნდა მოხდეს ღაზას სექტორის დემილიტარიზაცია და ძალაუფლება გარდამავალ, „ტექნოკრატიულ“ მთავრობას უნდა გადაეცეს. „ჰამასის“ წევრები, რომლებიც იარაღს ჩააბარებენ, ამნისტიას მიიღებენ.