Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ „ჰამასი“ ჯერ არ არის მზად შეთანხმებისთვის, საჭიროა მეტი სამხედრო ზეწოლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Axios-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მას არ სჯერა, რომ „ჰამასი„ დათანხმდება მძევლების გათავისუფლებასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ამ დროისთვის ღაზაში არსებულ ვითარებაში და ამავდროულად უარს ამბობს პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიერ ღაზას ქალაქის აღების შესახებ ცოტა ხნის წინ დამტკიცებული გეგმის მხარდაჭერაზე.

Axios-ის ცნობით, გამოცემასთან მოკლე სატელეფონო ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეთანხმება ნეთანიაჰუს განცხადებას, „რომ „ჰამასზე“ მეტი სამხედრო ზეწოლაა საჭირო“.

ტრამპი დასძენს, რომ ისრაელმა უნდა გადაწყვიტოს, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები ღაზაში და დაუშვებს თუ არა „ჰამასის“ იქ დარჩენას, თუმცა მისი აზრით, „მათ იქ დარჩენა არ შეუძლიათ“.

პრეზიდენტი ნეთანიაჰუსთან კვირას გამართულ სატელეფონო საუბარს, რომლის დროსაც ორივე ლიდერმა ღაზაში ოპერაცია განიხილა, „კარგ სატელეფონო საუბარს“ უწოდებს.

„ერთი რამ მაქვს სათქმელი: გახსოვდეთ 7 ოქტომბერი, გახსოვდეთ 7 ოქტომბერი“, - განუცხადა ტრამპმა მედიას, „ჰამასის“ მიერ 2023 წელს მომხდარ ხოცვა-ჟლეტაზე საუბრისას და ნეთანიაჰუს სიტყვები გაიმეორა, რომ „არიან ისეთები, ვისაც 7 ოქტომბერი დაავიწყდა“.