Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ ბრიტანეთი „კატასტროფის ზღვარზეა“ და ამის მთავარ მიზეზებად მასობრივ მიგრაციასა და მაღალ ენერგეტიკულ ხარჯებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი „კატასტროფის პირასაა“ და GB News-თან ინტერვიუში  შეშფოთება გამოთქვა ქვეყანაში ენერგომატარებლების მაღალი ფასების, „წმინდა ნულოვანი ემისიის“ პოლიტიკისა და მასობრივი მიგრაციის გავლენის გამო.

როგორც მედია წერს, ბოლო წლებში დიდ ბრიტანეთსა და ტრამპის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები არასტაბილურია.

„თქვენი ქვეყანა განსაცდელშია. კატასტროფის პირას ხართ. მიგრაციის უზარმაზარი პრობლემა გაქვთ, ასევე, უდიდესი კრიზისია ენერგეტიკაში. ენერგიის ფასი სამჯერ და ოთხჯერ უფრო მაღალია, ვიდრე უნდა იყოს“, - აღნიშნა ამერიკის ლიდერმა. 

ტრამპი, რომელიც კლიმატის ცვლილებას ტყუილს უწოდებს, მანამდეც აკრიტიკებდა ბრიტანეთის მიერ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმას და ქვეყნის ლიდერებს არაერთხელ მოუწოდებდა, ჩრდილოეთის ზღვის ნავთობისა და გაზის მარაგები მაქსიმალურად აეთვისებინათ.

ტრამპმა აღნიშნა, რომ მიგრაცია ბრიტანეთის სახეს ცვლის.

„თუ არ შეაჩერებ მსოფლიოს ყველა კუთხიდან თქვენს ქვეყანაში ხალხის შემოდინებას, ქვეყანა აღარ დარჩება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.