Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება

„რესპუბლიკური“ პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხებას იმ შემთხვევაში აღიარებს, თუ ის თავისუფალი და სამართლიანი იქნება. ამის შესახებ მან CBS News-ს განუცხადა.

ტრამპმა, რომელმაც 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენთან მარცხის შემდეგ არჩევნების შედეგები არ მიიღო, თქვა, რომ თუ დამარცხდება, ქვეყანა ისეთ ჩიხში მოექცევა, როგორიც აქამდე არ უნახავს.  

„მაგრამ თუ დავმარცხდი და ეს თავისუფალი და სამართლიანია, რა თქმა უნდა, მივიღებ შედეგებს“, - აღნიშნა ტრამპმა.

მან განმარტა, რომ არჩევნები სამართლიანი იქნება, თუ „ხმები დაითვლება“.

„ეს ნიშნავს, რომ ხმები სამართლიანია. ეს ნიშნავს, რომ ისინი არ აყალბებენ არჩევნებს, არ ყრიან ბიულეტენებს, არ ქმნიან ახალ წესებსა და რეგულაციებს, რისი უფლებამოსილებაც არ აქვთ. თუ დავინახავ, რომ ჩვენ გვქონდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, იმედია, შევძლებ ამის თქმას, მაგრამ თუ დავინახავ, ასეც იქნება - თქვენ ვერასდროს ნახავთ ჩემზე პატიოსან ადამიანს. მე პატიოსანი ადამიანი ვარ“, - განაცხადა ტრამპმა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ, მისი აზრით, „ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ბევრი პრობლემა იყო“, მაგრამ, მისივე თქმით, გასული ოთხი წლის განმავლობაში „გაკეთდა ის, რაც ამ არჩევნებს თავისუფალს და სამართლიანს გახდის“.