ტრამპი აცხადებს, რომ არაბული ქვეყნების ლიდერების თხოვნით, ირანზე 19 მაისს დაგეგმილი თავდასხმა გააუქმა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ირანზე მასშტაბური თავდასხმა, რომელიც, მისი თქმით, 19 მაისს იყო დაგეგმილი, მას შემდეგ, რაც სპარსეთის ყურის მოკავშირეებმა დაარწმუნეს, რომ თეირანთან შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია.
„კატარის ემირმა თამიმ ბინ ჰამად ალ-თანიმ, საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მოჰამედ ბინ სალმან ალ საუდმა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანმა მთხოვეს, გადავადებულიყო ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სამხედრო თავდასხმა, რომელიც ხვალ იყო დაგეგმილი, რადგან ამჟამად სერიოზული მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათი, როგორც დიდი ლიდერებისა და მოკავშირეების, აზრით, შეთანხმება მიღწეული იქნება, რომელიც ძალიან მისაღები იქნება ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ასევე, ახლო აღმოსავლეთისა და მის ფარგლებს გარეთ არსებული ყველა ქვეყნისთვის.
ეს შეთანხმება, რაც მთავარია, ირანისთვის ბირთვული იარაღის არარსებობას მოიცავს! ზემოხსენებული ლიდერების მიმართ ჩემი პატივისცემის საფუძველზე, მე დავავალე ომის მდივანს პიტ ჰეგსეთს, გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარეს, გენერალ დენიელ კეინს და შეერთებული შტატების სამხედრო ძალებს, რომ ჩვენ ხვალ არ განვახორციელებთ ირანზე დაგეგმილ თავდასხმას, მაგრამ ასევე დავავალე მათ, რომ მზად იყვნენ ირანზე სრული, ფართომასშტაბიანი თავდასხმისთვის დაუყოვნებლივ, იმ შემთხვევაში, თუ მისაღები შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.