Loading data...
ტრამპი აცხადებს, რომ არ აღელვებს ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები აშშ-ის ტერიტორიაზე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არ აწუხებს აშშ-ის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი თავდასხმები. ამერიკელი ლიდერის ეს განცხადება მოჰყვა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI-ს) გაფრთხილებას აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე ირანული დრონების შესაძლო დარტყმებთან დაკავშირებით, იუწყება Reuters-ი ABC News-ზე დაყრდნობით.

გამოცემა იხსენებს, რომ აშშ-მა და ისრაელმა თითქმის ორი კვირის წინ ირანზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს, რამაც სპარსეთის ყურის რეგიონი ომში ჩაითრია. თეირანმა უპასუხა აშშ-ისრაელის დარტყმებს, რასაც ირანელი მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის ქვეყნის უზენაესი ლიდერი ემსხვერპლა.

როდესაც ტრამპს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, ღელავს თუ არა, რომ ირანმა შესაძლოა, საპასუხო ზომები გააძლიეროს  და დარტყმები აშშ-ის ტერიტორიაზე განახორციელოს, მან უპასუხა: „არა, არ ვღელავ“.

მოგვიანებით ABC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ FBI-მ კალიფორნიის პოლიციის დეპარტამენტები გააფრთხილა, რომ ირანმა შესაძლოა, საპასუხო ზომები მიიღოს დასავლეთ სანაპიროზე დრონების გაშვებით.

„ჩვენ ცოტა ხნის წინ მივიღეთ ინფორმაცია, რომ 2026 წლის თებერვლის დასაწყისისთვის ირანი, სავარაუდოდ, აპირებდა მოულოდნელი თავდასხმის განხორციელებას არაიდენტიფიცირებული გემიდან უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეერთებული შტატების საშინაო ძალების სანაპიროსთან, კერძოდ, კალიფორნიაში დაუზუსტებელი სამიზნეების წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში, თუ აშშ ირანზე დარტყმებს განახორციელებდა“, - ნათქვამია FBI-ის თებერვლის ბოლოს გავრცელებულ შეტყობინებაში, წერს ABC News-ი.

„ჩვენ არ გვაქვს დამატებითი ინფორმაცია ამ სავარაუდო თავდასხმის დროის, მეთოდის, სამიზნის, ან დამნაშავეების შესახებ“, - აღნიშნულია შეტყობინებაში.

Reuters-მა ამ თვის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა და მისმა მარიონეტებმა შესაძლოა, აშშ-ის დარტყმების საპასუხოდ ქვეყანაზე თავდასხმები განახორციელონ.