ტრამპი აცხადებს, რომ 12 ოქტომბერს ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ მძევლების გათავისუფლების დროს ისრაელში იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კვირას, 12 ოქტომბერს, ახლო აღმოსავლეთში გამგზავრებას გეგმავს და იმედოვნებს, რომ 13, ან 14 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლების დროს ისრაელში იქნება.
„მძევლები ორშაბათს, ან სამშაბათს დაბრუნდებიან. ალბათ, იქ ვიქნები. იმედი მაქვს, რომ იქ ვიქნები. კვირას წასვლას ვგეგმავთ და მოუთმენლად ველი. ვხედავ, რომ ისრაელში ზეიმობთ, მაგრამ ბევრ სხვა ქვეყანაშიც ზეიმობენ“, - განაცხადა მან ფინეთის პრეზიდენტთან ერთად ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას.
ტრამპმა თავი აარიდა კითხვას, ფიქრობს თუ არა, რომ ისრაელი მომავალ წელს საუდის არაბეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას შეძლებს.
როდესაც ტრამპს ჰკითხეს, აქვს თუ არა შანსი, რომ ხვალ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიას მოიპოვებს, როდესაც ლაურეატის ვინაობა გახდება ცნობილი, აშშ-ის პრეზიდენტმა შეაქო რვა შეთანხმება, რომლებიც მან თანამდებობაზე დაბრუნების შემდეგ მთელ მსოფლიოში კონფლიქტების მოსაგვარებლად შუამავლობით მიაღწია. მისი თქმით, ამ შეთანხმებებიდან ღაზაში მიღწეული შეთანხმება „ყველაზე დიდია“.
როდესაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდგომი, ჯერ კიდევ დაუმტკიცებელი ფაზებით გათვალისწინებული საერთაშორისო სტაბილიზაციის ძალების შესახებ ჰკითხეს, ტრამპმა უპასუხა, რომ ეს ჯერ კიდევ „განსასაზღვრია“.
„იქნება ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რა იქნება ეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ძალებს „მდიდარი ქვეყნები“ დააფინანსებენ.
ცნობისთვის, ისრაელის კაბინეტი ამჟამად ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმების განსახილველად იკრიბება და მოსალოდნელია, რომ ის დამტკიცდება.