Loading data...
ტრამპი: აშშ სამხრეთ კორეისთვის ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააშენებს

აშშ სამხრეთ კორეისთვის ბირთვულ წყალქვეშა ნავს ააშენებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სეულში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენი სამხედრო ალიანსი უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ამის გათვალისწინებით, მათ ნებართვა მივეცი, ააშენონ ბირთვული წყალქვეშა ნავი, რათა ჩაანაცვლონ მოძველებული და გაცილებით ნაკლებად მანევრირებადი დიზელის წყალქვეშა ნავები, რომლებიც ამჟამად აქვთ“, - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა განმარტა, რომ „სამხრეთ კორეა თავის ბირთვულ წყალქვეშა ნავს ფილადელფიის გემთსაშენ ქარხანაში ააშენებს“.

ამჟამად ბირთვულ წყალქვეშა ნავებს ექვსი ქვეყანა იყენებს: აშშ, რუსეთი, გაერთიანებული სამეფო, საფრანგეთი, ჩინეთი და ინდოეთი. კიდევ რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის ჩრდილოეთ კორეა, კვლავ ავითარებს ასეთ წყალქვეშა ნავებს.

დონალდ ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ კორეა დათანხმდა, შეერთებულ შტატებს 350 მილიარდი დოლარი გადაუხადოს, ამერიკული ტარიფების შემცირების სანაცვლოდ.

„გარდა ამისა, ისინი შეთანხმდნენ, რომ ჩვენი ნავთობი და გაზი დიდი რაოდენობით შეიძინონ, ხოლო სამხრეთ კორეის მდიდარი კომპანიებისა და ბიზნესმენების მიერ ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციები 600 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.