ტრამპი: აშშ-ს საკმარისი ბირთვული იარაღი აქვს, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს
აშშ-ს აქვს „საკმარისი ბირთვული იარაღი, რომ მსოფლიო 150-ჯერ ააფეთქოს“, მაგრამ აშშ არ იქნება „ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ გამოცდის“ ბირთვულ იარაღს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ სხვა ქვეყნებთან შედარებით მეტი ბირთვული იარაღი გვაქვს. ჩვენ რაღაც უნდა გავაკეთოთ ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მან.
ტრამპის თქმით, მან ეს საკითხი ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან განიხილა.
„ჩვენ საკმარისი ბირთვული იარაღი გვაქვს, რომ მსოფლიო 150-ჯერ ავაფეთქოთ. რუსეთს უამრავი ბირთვული იარაღი აქვს და ჩინეთსაც ბევრი ექნება“, - განაცხადა ტრამპმა.
ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას არ სურს, რომ შეერთებული შტატები „იყოს ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ტესტირებას არ ატარებს“.
„ჩვენ გამოვცდით ბირთვულ იარაღს, ისევე, როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ. რუსეთი გამოცდებს ატარებს, ჩინეთი გამოცდებს ატარებს, მაგრამ ისინი ამაზე არ საუბრობენ. ჩვენ ღია საზოგადოება ვართ. ჩვენ განსხვავებულები ვართ. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ“, - გააზიარა თეთრი სახლის ხელმძღვანელმა თავისი გეგმები.