Loading data...
ტრამპი: აშშ, რუსეთი და ჩინეთი ბირთვული იარაღის შემცირების საკითხით დაინტერესებულნი არიან

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები, ჩინეთი და რუსეთი ბირთვული იარაღის შემცირებაზე მსჯელობენ, ყველა მხარე კი მათი მარაგების შემცირებას ცდილობს. 

„ერთ-ერთი რამ, რაზეც ჩინეთთან ვსაუბრობ, „დენუკლეარიზაციაა“ და ჩვენ გვსურს, ვნახოთ, შეგვიძლია, თუ არა ამის შეჩერება. ბირთვულ იარაღზე ვსაუბრობ. ჩინეთს ამის შესახებ ვესაუბრე. რუსეთს ამის შესახებ ვესაუბრე. ვფიქრობ, ეს არის ის, რისი გაკეთებაც ჩვენ გვსურს და მათ სურთ ამის გაკეთება და ვფიქრობ, რუსეთს სურს ამის გაკეთება“, - განაცხადა ამერიკელმა ლიდერმა.

მან ასევე დასძინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა განაცხადა, რომ არ შეუერთდება START-ს [არასტრატეგიული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებას], სიტყვები მაინც შეიძლება განსხვავდებოდეს რეალობისგან.

„ისინი ამბობენ, რომ არ შეუერთდებიან New START-ს, ან შემდეგ New START-ს. ეს არის ის, რაც მათ გითხრეს, მაგრამ, იცით, ის, რასაც გეუბნებიან, განსხვავდება იმისგან, რასაც [დახურულ კარს მიღმა] გეუბნებიან“, - დაასკვნა ტრამპმა.

როგორც ცნობილია, გასულ თვეში დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი საგარეო პოლიტიკის მიზანი ბირთვული იარაღის შემცირება, ანუ დენუკლეარიზაციაა. მისი თქმით, ეს თემა უკვე განიხილა რუსეთთან და ჩინეთთან.

როგორც ტრამპმა აღნიშნა, ასეთი ინიციატივა მთელი პლანეტის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა.