ტრამპი: აშშ-ის სამხედრო გემები ირანისკენ მიემართებიან
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კვლავ დაუშვა სამხედრო მოქმედებები ირანის წინააღმდეგ, სადაც ხელისუფლებამ მასობრივი საპროტესტო აქციები მკაცრად ჩაახშო.
„ჩვენ გვყავს არმადა, უზარმაზარი ფლოტი, რომელიც ამ მიმართულებით მოძრაობს ყოველი შემთხვევისთვის. შესაძლოა, მისი გამოყენება არ დაგვჭირდეს. ვნახოთ“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს 22 იანვარს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმიდან დაბრუნებისას.
თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მას არ სურს სამხედრო ძალის გამოყენება თეირანის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვაკვირდებით ირანს. მირჩევნია, არაფერი მოხდეს, მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მათ“, - აღნიშნა ტრამპმა.
სააგენტო Reuters-ი აშშ-ის ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“, რომელსაც რამდენიმე მართვადი რაკეტებით აღჭურვილი საესკადრო ნაღმოსანი ახლავს თან, მალე ახლო აღმოსავლეთში ჩავა. სააგენტოს ერთ-ერთმა წყარომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია რეგიონში დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემების პოტენციური განთავსების შესახებ, რათა ამერიკული ბაზები ირანის მხრიდან შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვან.