Loading data...
ტრამპი აშშ-ის ჯარში ტრანსგენდერებისთვის მსახურების აკრძალვას გეგმავს - The Times

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ბრძანებულებას გეგმავს, რომლის შედეგად აშშ-ის ჯარში ტრანსგენდერებს სამსახური აეკრძალებათ. ამის შესახებ გამოცემა The Times საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

სამხედროებს შორის არის დაახლოებით 15 ათასი ტრანსგენდერი და „სამედიცინო ჩვენებების გამო“ მათ სამსახურიდან დათხოვნა ემუქრებათ.

ამავე გამოცემის ინფორმაციის მიხედვით, ახალი ბრძანებულება ძველზე უფრო მკაცრი იქნება. პირველი ბრძანებულება დონალდ ტრამპმა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოსცა, მაგრამ 2021 წელს ის ჯო ბადენმა გააუქმა. თუ პირველი ბრძანებულების დროს ტრამპმა სამხედრო სამსახურში უკვე მყოფ ტრანსგენდერებს იქ დარჩენის უფლება მისცა, ხოლო ახალი კადრების მიყვანა აკრძალა, ახლა ჯარში მყოფი ყველა ტრანსგენდერების დათხოვნას აპირებს.

„ეს ადამიანები იძულებულები იქნებიან, რომ ჯარიდან მაშინ წავიდნენ, როდესაც ამაში საკმარისი რაოდენობის ხალხის მიყვანა ვერ ხერხდება. აშშ-ის ჯარში მხოლოდ საზღვაო ქვეითები გეგმის შესრულებას ახერხებენ და ვისაც ახალი წესები შეეხება, ზოგ შემთხვევაში საკმაოდ მაღალ პოზიციებს იკავებენ“, - განუცხადა გამოცემას ინფორმირებულმა წყარომ.

ტრანსგენდერების ზუსტი რაოდენობის დადგენა აშშ-ის ჯარში შეუძლებელია, რადგანაც პენტაგონი ამ ინფორმაციას არ ასაჯაროებს.

როგორც აშშ-ის შეიარაღებული ძალების თანამედროვე სამხედროების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ ბრანამანი აცხადებს, ეს ფაქტი, სულ მცირე, ფინანსურ ხარჯებს გაზრდის და გამოცდილი კადრების დაკარგვას გამოიწვევს, რომელთა აღსადგენად, შესაძლოა, 20 წელი იყოს საჭირო.

აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში ტრანსგენდერებმა მსახურის უფლება 2016 წელს, პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს მიიღეს. დონალდ ტრამპი მეორე ვადით აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობას ოფიციალურად 2023 წლის იანვარში დაიკავებს.