Loading data...
ტრამპი: აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია - ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ნატო და მის მოკავშირეებს „მშიშრები“ უწოდა იმის გამო, რომ ისინი არ შეუერთდნენ აშშ-ის სამხედრო ოპერაციას, ჰორმუზის სრუტის განბლოკვის მიზნით. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღშფოთება გამოთქვა ნატოს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებსაც არ სურთ ირანის წინააღმდეგ ომში ჩარევა, მაგრამ, ამავდროულად, უჩივიან გლობალური ნავთობის ფასების ზრდას.

ამასთან, ტრამპმა ალიანსს „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ერთი შეხედვით ძლიერია, სინამდვილეში კი სუსტი და დაუცველია.

„აშშ-ის გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ ბირთვული იარაღის მქონე ირანის შესაჩერებლად ბრძოლაში ჩართვა არ სურთ. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო თვალსაზრისით მოგებულია და მათთვის საფრთხე მინიმალურია, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომელთა გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება - ეს მარტივი სამხედრო მანევრია და სწორედ ამ სრუტის ჩაკეტვაა ნავთობის მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზი. მათთვის ამის გაკეთება ძალიან ადვილია, თანაც მცირე რისკის ფასად. ლაჩრები, ჩვენ ეს გვემახსოვრება!“, - დაწერა ტრამპმა.