ტრამპი: აშშ ჩინეთთან კარგ შეთანხმებას მიაღწევს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, აშშ ჩინეთთან კარგ შეთანხმებას მიაღწევს. ამის შესახებ მან თეთრ სახლთან ჟურნალისტებს განუცხადა.
ტრამპის თქმით, ის დღეები, როდესაც აშშ-ს ჩინეთი და ევროკავშირის ქვეყნები „ძარცვავდნენ“, დასრულებულია.
„ეს ქვეყანა აღარ დაკარგავს ფულს ვაჭრობაზე. ჩვენ ვკარგავთ 2 ტრილიონ დოლარს წელიწადში. ახლა ჩვენ ვაპირებთ ფულის გაკეთებას, ბევრი ფულის. ასე რომ, ეს ძალიან კარგია. ჩვენ გვძარცვავდნენ მრავალი წლის განმავლობაში. მაგალითად, ჩინეთი, მაგრამ ეს მხოლოდ ჩინეთი არ არის, არის ევროკავშირიც. ისინი გვძარცვავდნენ მრავალი წლის განმავლობაში და ეს დღეები დასრულდა. ჩვენ ბევრ ფულს გავაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის. შევძლებთ გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას და ჩვენ ვიქნებით ამაყი ჩვენი თავით. ჩვენ აღარ ვიქნებით დასაცინი ობიექტი, რომლითაც, პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ქვეყანა სარგებლობდა. ეს იქნება სამართლიანი. ჩვენ გვექნება ქვეყანა, რომლითაც შეძლებთ, იამაყოთ“, – განაცხადა ტრამპმა.