ტრამპი: არსებობს შანსი, რომ აშშ-მა ირანზე დარტყმები განაახლოს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ არსებობს შესაძლებლობა, შეერთებულმა შტატებმა ირანზე საჰაერო დარტყმები განაახლოს.
მან უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ახალი სამხედრო მოქმედებები.
„თუ ისინი ცუდად მოიქცევიან, თუ რამე ცუდს გააკეთებენ, მაგრამ ახლა ვნახოთ. თუმცა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, ეს მოხდეს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მოგვიანებით ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, რომ მალე განიხილავს ირანის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებულ კიდევ ერთ წინადადებას, თუმცა ეჭვობს, რომ ის მისაღები იქნება.
„მალე გადავხედავ გეგმას, რომელიც ირანმა ახლახან გამოგვიგზავნა, მაგრამ ვერ წარმომიდგენია, რომ ის მისაღები იქნება იმ გაგებით, რომ მათ ჯერ კიდევ არ გადაუხდიათ საკმარისად დიდი ფასი იმისთვის, რაც ბოლო 47 წლის განმავლობაში კაცობრიობისა და მსოფლიოსთვის გააკეთეს“, - დაწერა ტრამპმა.