Loading data...
ტრამპი: არაფერი შეუქმნის საფრთხეს ღაზაში მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტას, ისრაელმა უნდა უპასუხოს „ჰამასს“, თუ მის ჯარისკაცებს მოკლავენ

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაიცვა ისრაელის გადაწყვეტილება ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების განახლებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Air Force One-ის ბორტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ამავდროულად, ტრამპი დარწმუნებულია, რომ მისი შუამავლობით მხარეებს შორის ამ თვის დასაწყისში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება ძალაში დარჩება, მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის წევრები ისრაელელ ჯარისკაცებს თავს ესხმიან.

„ისრაელმა საპასუხო დარტყმა განახორციელა და მათ საპასუხო დარტყმა მოუწიათ. როდესაც ეს მოხდება, მათ საპასუხო დარტყმა უნდა განახორციელონ“, - აღნიშნა მან.

28 ოქტომბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ღაზაში ისრაელის ჯარისკაცებზე განხორციელებული თავდასხმების საპასუხოდ „ჰამასის“ წინააღმდეგ „ძლიერი დარტყმების“ განკარგულება გასცა.

თუმცა ტრამპმა განაცხადა, რომ „არაფერი“ შეუქმნის საფრთხეს მისი შუამავლობით ორ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ მიღწეულ ცეცხლის შეწყვეტას და დასძინა, რომ „ჰამასი“ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მხოლოდ „ძალიან მცირე ნაწილს“ წარმოადგენს.

„მათ [„ჰამასმა“] თქვეს, რომ კარგად მოიქცეოდნენ და თუ კარგად მოიქცეოდნენ, ბედნიერები იქნებოდნენ, თუ არა - განადგურდებოდნენ. მათი სიცოცხლე განადგურდებოდა“, - ხაზგასმით აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „ჰამასი“ უნდა განიარაღდეს, რაც მისი 20-პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი პუნქტია, რომელსაც დაჯგუფებამ მხარი დაუჭირა.

„თუ ისინი კარგად არ მოიქცევიან, განადგურდებიან“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.