ტრამპი ადასტურებს, რომ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთს ეწვევა და აცხადებს, რომ თუ მოსკოვი დადგენილ ვადაში ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდება, სანქციებს დააწესებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მისი სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში გაემგზავრება. ჟურნალისტებთან საუბრისას მან განაცხადა, რომ უიტკოფი შესაძლოა, რუსეთს ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს [6-7 აგვისტოს] ეწვიოს.
„ის, ალბათ, წავა, ვფიქრობ, მომდევნო კვირას, ოთხშაბათს, ან ხუთშაბათს, შესაძლოა, რუსეთში წავიდეს. მათ მისი ნახვა სურთ. შეხვედრა სთხოვეს და ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გაიმეორა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას დადგენილ ვადაში არ დათანხმდება, ის სანქციებს დააწესებს, თუმცა აღნიშნა, რომ რუსები მათ გვერდის ავლაში კარგად ერკვევიან.
„სანქციები იქნება, მაგრამ, როგორც ჩანს, ისინი საკმაოდ კარგად ახერხებენ სანქციების თავიდან აცილებას. იცით, ისინი ცბიერი ხასიათისანი არიან და, როგორც ჩანს, საკმაოდ კარგად ახერხებენ სანქციების თავიდან აცილებას, ასე რომ, ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა მან.
კითხვაზე, რა იქნება სტივ უიტკოფის გზავნილი რუსებისთვის და შეძლებენ თუ არა ისინი სანქციების თავიდან აცილებას, ტრამპმა განაცხადა, რომ აუცილებელია შეთანხმების გაფორმება, რომელიც ადამიანების სიკვდილს შეაჩერებს.
მან გაიხსენა, რომ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა მონაცემები რუს სამხედრო მოსამსახურეებს შორის უზარმაზარი დანაკარგების, ასევე, ათასობით დაღუპული უკრაინელის შესახებ.
ცნობისთვის, რუსეთის მიმართ ტრამპის 10-დღიანი ულტიმატუმი 8 აგვისტოს იწურება.