Loading data...
ტრამპი 19 ქვეყნიდან ჩასული უცხოელების გრინ-კარტებს შეამოწმებს და „მესამე ქვეყნებიდან“ მიგრაციის შეწყვეტის პირობას დებს

აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურის უფროსის, ჯოზეფ ედლოუს ცნობით, დონალდ ტრამპმა მის სამსახურს „თითოეული გრინ-კარტის სრულმასშტაბიანი და დეტალური შემოწმების ჩატარება დაავალა. ეს, პირველ რიგში, ეხება იმ ქვეყნებიდან აშშ-ში ჩასულ უცხოელებს, რომლებიც „შეშფოთებას იწვევს“. ინფორმაციას  cbsnews ავრცელებს.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი, ედლოუმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ივნისში ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით 12 ქვეყნიდან აშშ-ში ჩასვლა აკრძალულია. ესენია ავღანეთი, ჰაიტი, ირანი, ლიბია, იემენი, სომალი სუდანი და სხვა ქვეყნები.

ეს განცხადება ედლოუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც ვაშინგტონში, თეთრ სახლთან სროლის შედეგად აშშ-ის ეროვნული გვარდიის ორი თანამშრომელი დაიჭრა. სროლაში ეჭვმიტანილი, წარმოშობით 29 წლის ავღანელი, პოლიციამ დააკავა. ერთ-ერთი დაჭრილი, სარა ბექსტრემი, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

როგორც დონალდ ტრამპმა Truth Social-ში დაწერა, ის სამუდამოდ შეაჩერებს მიგრაციას „მესამე ქვეყნებიდან“. ასევე აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნიდან ნებისმიერი ადამიანის გაძევების პირობას დებს, ვისაც ამერიკისთვის სარგებელი არ მოაქვს.