ტრამპი: 11 თვის წინ მემკვიდრეობით ქაოსი მივიღე და მე მას ვასწორებ, აღვადგინე ამერიკის ძალა, გავანადგურე ირანის ბირთვული საფრთხე და დავასრულე ომი ღაზაში
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას ამერიკელებს მიმართა და მკაცრად გააკრიტიკა თავისი წინამორბედის, ჯო ბაიდენის პოლიტიკა.
„11 თვის წინ ქაოსი მივიღე მემკვიდრეობით და მე მას ვასწორებ. ჩვენი საზღვარი ღია იყო და ამის გამო ჩვენს ქვეყანას თავს დაესხა 25 მილიონი ადამიანის არმია, მათი დიდი ნაწილი მოვიდა ციხეებიდან, ფსიქიატრიული კლინიკებიდან. ისინი იყვნენ ნარკოდილერები, ბანდების წევრები“, - განაცხადა ტრამპმა.
სიტყვით გამოსვლისას შეერთებული შტატების პრეზიდენტს არ უხსენებია ვენესუელასთან არსებული დაძაბული ვითარება და არც უკრაინაში მიმდინარე ომი.
დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა მიგრაციის საკითხზე და თავისი ადმინისტრაციის მიღწევებზე.
„ბოლო შვიდი თვის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არცერთი უკანონო მიგრანტი არ შემოსულა, რაც ყველას აზრით აბსოლუტურად შეუძლებელი იყო. ჯო ბაიდენი ამბობდა, რომ კონგრესს კანონი სჭირდებოდა საზღვრის დასახურად. აღმოჩნდა, რომ კანონი კი არ გვჭირდებოდა – უბრალოდ ახალი პრეზიდენტი გვჭირდებოდა. პირველად 50 წელიწადში ვხედავთ უკუ-მიგრაციას – მიგრანტები სახლში ბრუნდებიან, რაც ამერიკელებს მეტ საცხოვრებელსა და სამუშაო ადგილებს უტოვებს“, - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა განმარტა, წარმატების დიდ ნაწილს ტარიფების დაწესების მეშვეობით მიაღწია.
„აღვადგინე ამერიკის ძალა, მოვაგვარე რვა ომი ათ თვეში, გავანადგურე ირანის ბირთვული საფრთხე და დავასრულე ომი ღაზაში. პირველად 3000 წლის განმავლობაში დავამყარე მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ამასთან, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ სამხედრო მოსამსახურეებს შობის დღესასწაულამდე 1,776 დოლარი გადაეცემათ. ეს თანხა ქვეყნის დაარსების 1776 წელს აღნიშნავს.
„ჩეკები უკვე გზაშია“, - დასძინა ტრამპმა.