Loading data...
ტომ კრუზმა ტრამპის მიწვევა არ მიიღო და კენედის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე არ მივა

ცნობილმა ჰოლივუდელმა კინოვარსკვლავმა ტომ კრუზმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიწვევა არ მიიღო და კენედის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაში ის მონაწილეობას არ მიიღებს. ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს.

კრუზმა დატვირთული გრაფიკი მოიმიზეზა. ის პრემიით დაჯილდოებაზე სილვესტერ სტალონესთან, ჯგუფთან KISS-თან და მომღერალთან, გლორია გეინორთან ერთად იყო მიწვეული.

ტრამპმა განაცხადა, რომ კენედის პრემიის დაჯილდოების ცერემონიას წელს ის პირადად გაუძღვება და ის ლაურეატების შერჩევაში აქტიურად მონაწილეობდა.

კრუზი ტრამპის პოლიტიკის საჯაროდ კომენტირებისგან თავს იკავებს. ამჟამად ის რამდენიმე პროექტში მონაწილეობს და ძალზე დატვირთული გრაფიკი აქვს. ამასთანავე, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ კენედის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე დასწრებაზე უარი მხოლოდ მსახიობის გრაფიკთან დაკავშირებული არ არის.