ტყვეების გაცვლის მორიგი რაუნდი - უკრაინაში მძიმედ დაჭრილები და 25 წლამდე ასაკის სამხედროები დაბრუნდნენ

ტყვეების მორიგი გაცვლის ფარგლებში უკრაინაში მძიმედ დაჭრილები და 25 წლამდე ასაკის პირები დაბრუნდნენ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ტელეგრამ არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია აღნიშნული, „უკრაინელები რუსული ტყვეობიდან დაბრუნდნენ.“
„დღეს დაიწყო გაცვლა, რომელიც მომდევნო დღეებში რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის განცხადებით, ამჟამად დაბრუნებულთა კატეგორიებს შორის არიან დაჭრილები, მძიმედ დაჭრილები და ასევე 25 წლამდე ასაკის პირები.
„პროცესი საკმაოდ რთულია, ბევრი სენსიტიური დეტალია, მოლაპარაკებები პრაქტიკულად ყოველდღე გრძელდება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყველა ტყვე სახლში დააბრუნოს.
„ამისთვის ყველა დონეზე ვმუშაობთ. ყველა, ვინც ტყვეობაშია, სახლში უნდა დავაბრუნოთ. მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.