The Washington Post: აშშ-ის ოპერაცია ახლო აღმოსავლეთს გასცდა - დაკავებულია ტანკერი, რომელიც ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო სანქცირებული იყო
„შეერთებულმა შტატებმა ინდოეთის ოკეანეში ირანული ტანკერი დააკავა, რითაც თეირანის წინააღმდეგ ოპერაციები ახლო აღმოსავლეთის ფარგლებს გარეთაც გააფართოვა“, - ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.
აშშ-ის ომის დეპარტამენტის ინფორმაციით, 21 აპრილს ამერიკელმა სამხედროებმა დააკავეს ტანკერი M/T Tifani, რომელიც სანქციების ქვეშ იმყოფება ირანული ნავთობის გადაზიდვის გამო.
ოპერაცია ჩატარდა აშშ-ის შეიარაღებული ძალების ინდოეთისა და წყნარი ოკეანის სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში.
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, როგორ ეშვებიან ამერიკელი ჯარისკაცები ვერტმფრენებიდან ტანკერზე.
ოპერაცია ინციდენტების გარეშე წარიმართა.
შეერთებულმა შტატებმა „ტიფანის“ წინააღმდეგ სანქციები გასული წლის ზაფხულს დააწესა.
ამგვარად, როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, აშშ-ის ოპერაცია ირანის წინააღმდეგ ახლო აღმოსავლეთს გასცდა.
თანამგზავრული ფოტოების მიხედვით, ტანკერი მარტში ხარგის კუნძულზე, ირანის მთავარ ნავთობტერმინალზე სპარსეთის ყურეში დაიტვირთა. შესაძლოა, მას ორ მილიონ ბარელამდე ნავთობი გადაჰქონდა.
გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ ირანის დროშის ქვეშ მცურავი ნებისმიერი გემი, რომელიც შეეცდება ირანისთვის მატერიალური მხარდაჭერის გაწევას, შეერთებული შტატებისთვის სამიზნე იქნება.