Loading data...
The Wall Street Journal: ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად

ამერიკელი ოფიციალური პირების თქმით, პრეზიდენტი ტრამპი განიხილავს სამხედრო ოპერაციას ირანიდან დაახლოებით 450 კილოგრამი ურანის ამოსაღებად. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს სარისკო მისია, სავარაუდოდ, ამერიკული ძალების ქვეყნის შიგნით რამდენიმე დღით ან უფრო მეტი ხნით ყოფნას მოითხოვს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ტრამპს ბრძანების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მათ, ასევე, დასძინეს, რომ პრეზიდენტი ამერიკელი სამხედროებისთვის მოსალოდნელ საფრთხეს განიხილავს.

თუმცა, მათივე თქმით, პრეზიდენტი ზოგადად მაინც იზიარებს ამ იდეას, რადგან ის დაეხმარება მისი მთავარი მიზნის მიღწევაში - არ მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა.

პრეზიდენტმა, ასევე, მოუწოდა თავის მრჩევლებს, ზეწოლა მოახდინონ ირანზე, რათა ამ უკანასკნელმა მასალის გადაცემაზე თანხმობა ომის დასრულების პირობად გამოაცხადოს - აცხადებს პირი, რომელიც იცნობს ტრამპის პოზიციას.

პოლიტიკურ მოკავშირეებთან საუბრისას ტრამპმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ირანელებს ამ მასალის შენარჩუნების უფლებას ვერ მისცემს და განიხილა მისი ძალის გამოყენებით ჩამორთმევის საკითხი, იმ შემთხვევაში, თუ ირანი მას მოლაპარაკებების მაგიდასთან ნებაყოფლობით არ დათმობს.