Loading data...
The Wall Street Journal - ირანი ტრამპის მუქარის გამო შეერთებულ შტატებთან პირდაპირ კომუნიკაციას წყვეტს

„ირანმა შეერთებულ შტატებთან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის გამო პირდაპირი კომუნიკაცია გაწყვიტა, თუმცა არაპირდაპირი მოლაპარაკებები გრძელდება, - აღნიშნულის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება. 

როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას ახლო აღმოსავლეთის ოფიციალური პირები აღნიშნავენ, ამ ნაბიჯმა დროებით გაართულა შეთანხმების მიღწევის მცდელობები ტრამპის მიერ 7 აპრილს, საღამოს 8 საათისთვის დაწესებულ ბოლო ვადამდე. 

„კომუნიკაციის გაწყვეტით ირანმა განიზრახა უკმაყოფილებისა და დაუმორჩილებლობის სიგნალის გაგზავნა. ჯერჯერობით გაურკვეველია, აღდგება თუ არა პირდაპირი მოლაპარაკებები ვადის ამოწურვამდე“, - წერს მედიასაშუალება ინფორმირებულ პირზე დაყრდნობით. 

 დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანისთვის წაყენებულ ულტიმატუმს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დრო იწურება.

„ამაღამ მთელი ცივილიზაცია დაიღუპება და ის ვეღარასოდეს აღდგება. არ მინდა, რომ ეს მოხდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს მოხდება. მაგრამ ახლა, როცა მთელი რეჟიმის ცვლილება მოხდა, რომელსაც სათავეში სხვები, უფრო ჭკვიანები და ნაკლებად რადიკალიზებულები ჩაუდგნენ, შესაძლოა, რამე რევოლუციური, შესანიშნავი მოხდეს.

ვინ იცის? ამას დღეს საღამოს გავიგებთ, რაც მსოფლიოს ხანგრძლივი და რთული ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტია. 47-წლიანი გამოძალვა, კორუფცია და სიკვდილი საბოლოოდ დასრულდება. ღმერთმა დალოცოს ირანის დიდებული ხალხი!“ - წერს ტრამპი.