The Wall Street Journal: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას მიაწვდის რუსეთის სიღრმეში ენერგეტიკულ ობიექტებზე სარაკეტო იერიშებისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნებართვა მისცა შესაბამის უწყებებს, რომ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაცია მიაწოდონ, რათა მან რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები განახორციელოს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, აშშ-მა მოუწოდა ნატოს მოკავშირეებს, რომ იგივე გააკეთონ. ამერიკელი ჩინოვნიკები ამჟამად თეთრი სახლიდან წერილობით მითითებებს ელოდებიან და შემდეგ აუცილებელ სადაზვერვო ინფორმაციას უკრაინის მიაწვდიან.
გამოცემის წყაროების ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია პირველად დაეხმარება უკრაინას, რომ მან ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიშები განახორციელოს, რომლებიც რუსეთის ტერიტორიის შიგნით მდებარეობს.
Wall Street Journal-ის ცნობით, ამჟამად აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ და „ბარაკუდას“ ტიპის რაკეტების მიწოდების საკითხს განიხილავს. საუბარია სახმელეთო და საზღვაო ბაზირების რაკეტებზე, რომელთა მოქმედების მანძილი 800 კმ-ს შეადგენს.
აშშ-ის სამხედრო დაზვერვა და CIA ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.