The Wall Street Journal: აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდ USS George Washington-ის გაგზავნას გეგმავს, რომელიც USS Abraham Lincoln-ს ჩაანაცვლებს
აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის ჩანაცვლებას გეგმავს მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ USS Abraham Lincoln-ის ბორტზე მყოფი მეზღვაურები რვა თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ზღვაში ყოფნისგან გადაღლილები არიან. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ავიამზიდი USS George Washington-ი ემზადება Abraham Lincoln-ის ჩასანაცვლებლად.
ოფიციალურმა პირებმა ჟურნალს განუცხადეს, რომ ჩანაცვლება არის ადრე დაგეგმილი როტაციის ნაწილი. თუმცა ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ორივე მხარის კანონმდებლებმა შეერთებულ შტატებში გამოთქვეს შეშფოთება გემზე არსებული პირობების შესახებ.
Lincoln-მა დაგეგმილი მისია ნოემბერში დაიწყო, იანვარში კი ახლო აღმოსავლეთისკენ გაემართა, სადაც მან გადამწყვეტი როლი ითამაშა აშშ-სა და ირანს შორის თებერვალში დაწყებულ ომში.
The Wall Street Journal-ის ცნობით, ავიამზიდი 200 დღის განმავლობაში პორტში არ შესულა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაღლილობისა და სტრესის გამო ჯარისკაცების ზღვაში გადახტომის შემთხვევები დაფიქსირდა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ავიამზიდზე ცუდი მდგომარეობის შესახებ ცნობები „სრულიად დამახინჯებულია“.