Loading data...
The Times of Israel: რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს - 2014 წლის შემდეგ პირველად ღაზაში მძევლები აღარ არიან

ისრაელის სამხედროების განცხადებით, ბოლო დაღუპული მძევლის, უფროსი სერჟანტის რან გვილის ცხედარი ისრაელში გადაასვენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ღაზას სექტორში ისრაელელი მძევლები აღარ არიან. 

სამხედროების თქმით, გვილის ოჯახს აცნობეს, რომ მათი შვილი იდენტიფიცირებულია და დასაკრძალავად ისრაელში დააბრუნეს. დაკრძალვა 28 იანვარს არის დაგეგმილი.

„ამგვარად, ღაზას სექტორიდან ისრაელის სახელმწიფოში ყველა ცოცხალი და დაღუპული მძევლის დაბრუნება დასრულდა“, - აცხადებს არმია.

როგორც The Times of Israel-ი წერს, ეს 2014 წლის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც ღაზაში მძევლები აღარ რჩებიან. 

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს გატაცებული 251 მძევლის გარდა,  გაათავისუფლეს ისრაელის ორი მოქალაქე, ავერა მენგისტუ და ჰიშამ ალ-საიედი, რომლებიც 2014 და 2015 წლებში ღაზაში საკუთარი ნებით შესვლის შემდეგ ტყვედ ჩავარდნენ, ასევე, იპოვეს 2014 წლის ღაზას ომის დროს დაღუპული ორი ისრაელელი ჯარისკაცის - შტაბის სერჟანტის ორონ შაულის და ლეიტენანტ ჰადარ გოლდინის ცხედრები.

„მთელი ომის განმავლობაში ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარები დღე და ღამე მოქმედებდნენ ფრონტის ხაზზე და მტრის ტერიტორიის სიღრმეში, დიდი საფრთხის ქვეშ აყენებდნენ თავიანთ სიცოცხლეს ურყევი გადაწყვეტილებითა და სიცოცხლის სიწმინდისადმი ღრმა ერთგულებით, რათა შეექმნათ პირობები, რომლებიც ყველა მძევლის, ცოცხლებისა და დაღუპულების, ერთიანად დაბრუნებას უზრუნველყოფდა“, - აცხადებენ სამხედროები.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მძევლების, მათ შორის გვილის, დაბრუნება „ორწლიანი ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების განმავლობაში განხორციელდა და წარმოადგენს ისრაელის თავდაცვის ძალებსა და ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს შორის დადებულ დაპირებას, რომ არასდროს არავის მიატოვებენ უყურადღებოდ“.