Loading data...
The Times: დიდმა ბრიტანეთმა და აშშ-მა შესაძლოა, უკრაინას რუსეთზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების უფლება ფარულად მისცენ

უკრაინამ შესაძლოა უახლოეს კვირებში რუსეთზე დარტყმებისთვის შორ მანძილზე მოქმედი Storm Shadow-ის რაკეტების გამოყენების ნებართვა ფარულად მიიღოს. დიდი ბრიტანეთი და აშშ ნებართვის გასაცემად ემზადებიან, მაგრამ ოფიციალური განცხადების გაკეთება მხოლოდ პირველი რაკეტების გაშვების შემდეგ სურთ. ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.

გამოცემას წყაროებმა უთხრეს, რომ შეერთებულ შტატებს სურს, პირველ რიგში უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ იხილოს, რომელსაც ის მომდევნო კვირაში პრეზიდენტ ჯო ბაიდენს წარუდგენს. 

ნებართვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა, მომავალ კვირას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე დამტკიცდეს. თუმცა, როგორც მასალაშია ნათქვამი, ჯო ბაიდენის გუნდი ნერვიულობს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიას ზიანი მიაყენოს. 

გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას წინასწარ არ გაასაჯაროებენ, რათა რუსეთისთვის დარტყმა მოულოდნელი აღმოჩნდეს. 

„დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ამ კვირაში პარიზში მოლაპარაკებები გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ენტონი ბლინკენთან, ასევე, საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. მოკავშირეები გაეროს გენერალური ასამბლეის წინ შეთანხმების გაფორმებაზე მუშაობდნენ“, - ამბობენ ჟურნალისტები.

ბრიტანელმა დიპლომატიურმა წყაროებმა The Times-ს განუცხადეს, რომ მათ სურთ, აჩვენონ, რომ ნატო შეთანხმებულად მოქმედებს, რათა თავიდან აიცილონ შთაბეჭდილება, თითქოს გადაწყვეტილების მიღებაში დიდი ბრიტანეთი და აშშ დომინირებენ.